Transparency International – ვახტანგ კობალაძე: არჩევნების შეფასება და რეკომენდაციები
GeoElection.Ge დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს აღმასრულებელ დირექტორს, ვახტანგ კობალაძეს ესაუბრა.
30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში აკვირდებოდა. როგორც მათ არჩევნების დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უკვე განუცხადეს, საქართველოში საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1500მდე მოქალაქეა წინასწარ პატიმრობაში, თუმცა მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება პირადობის დამატასტურებელი დოკუმენტაციის არქონის გამო. ეს პრობლემა წინა არჩევნების დროსაც არსებობდა, მაგრამ რეკომენდაციების მიუხედავად, დღემდე გადაუჭრელად რჩება.
ცალკე პრობლემას ქმნის საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის მიხედვითაც წინასწარ პატიმრობაში მყოფთ ხმის მიცემა არა მხოლოდ პროპორციულ, არამედ მაჟორიტარულ და მერის არჩევნებშიც შეუძლიათ. არის თუ არა ამ დროს საარჩევნო სიაში გაორება, სამწუხაროდ ამის გადამოწმება არსებული რესურსების ფარგლებში ამ არჩევნების დროს ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, სპეცუბნებზე არჩევნებში მონაწილეობას იღებს სასჯელაღსრულებისა და წინასწარი პატიმრობის დაწესებულებების პერსონალიც, თუმცა მათი ხმების დათვლა ხდება სხვა, ჩვეულებრივ უბნებთან ერთად, რაც საშუალებას არ იძლევა, დავინახოთ სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე (2008 წ: 92% – მიხეილ სააკაშვილი), შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მაჩვენებელი სპეცუბნებზე უბნებზე დღესაც ყველაზე მაღალია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მონიტორინგს წინასაარჩევნო პროცესებზეც ახორციელდებდა. ამ ეტაპზე დარღვევების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო და ძირითადად მოიცავდა ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა:
- ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების არასწორი გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში (ბიუჯეტის, კადრებისა და სოციალური პროგრამების რიცხვის ზრდა საარჩევნო წლის განმავლობაში წინა – არასაარჩევნო წლებთან შედარებით)
- თანამდებობის პირთა მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში და მათ მიერ ამომრჩეველზე ზემოქმედება (მაგ. სოფლის რწმუნებულები აქტიურად მონაწილეობდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, აწარმოებდნენ აგიტაციას სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ და უფრო მეტიც, ხშირად აღრიცხავდნენ მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების სიასაც)
“მრავალი დარღვევა მართალია არ ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, - აცხადებს ვახტანგ კობალაძე, - მაგრამ არღვევს იმ პრინციპებს, რომელიც ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტითაა აღიარებული და მათი დაცვისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულება საქართველოსაც აქვს. სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ აშკარა დარღვევებზე ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია და არავინ დასჯილა. ამის ნათელი მაგალითია სვანეთის ინციდენტი, რომელზეც სამართლიანი არჩევნების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გამოძიება დაიწყო, თუმცა არჩევნებამდე არსებითი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლის იმ ფაქტს, რომ ამ ინციდენტში ერთერთი მთავარი ბრალდებული – სამეგრელო-ზემოსვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია შვებულებაში გავიდა. რასაკვირველია ასეთი უმოქმედობა ქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება არჩევნების დღეზეც”.
წინასაარჩევნო პროცესების შესახებ Transparency International – Georgia -მ უკვე მოამზადა ანგარიშები და დარღვევების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებებიც გააჩნია.
საბოლოო ანგარიშს Transparency International – Georgia მიმდინარე თვის ბოლომდე გამოაქვეყნებს. ორგანიზაცია აპირებს კვლავაც განაგრძოს მრავალი წლის მანძილზე ჩამოყალიბებული თანამშრომლობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფისათვის.
გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საარჩევნოდ პარტიების დაფინანსების საკითხებს იკვლევს. პროექტის შედეგები და საბოლოო დასკვნა დაახლოებით 2 თვეში გამოქვეყნდება.
კატეგორია: ბლოგერები • ეკატერინე ონიანი


[...] [...]